გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოში ბრალდების მტკიცებულებები გამოიკვლიეს
საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მტიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის თქმით, მოცემული მტკიცებულებებით გიორგი რურუას ბრალეულობა დასტურდება.
„დღეს გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულება და ის ნივთიერი მტკიცებულებები, რაც საქმეს ერთვის თან. შესაბამისად, შეფასდა ეს ნივთიერი მტკიცებულებები, ეს იყო იარაღი, ვაზნები და სხვა წერილობითი მტკიცებულებები. მოცემული მტკიცებულებები ერთობლიობაში გვაძლევს იმ ბრალდებას, რომ გიორგი რურუას წარდგენილი ქმედება ნამდვილად ჩადენილი აქვს“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.
გიორგი რურუას ადვოკატის თქმით, დღეს პროკურატურის მიერ ნივთიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი იარაღი მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა პირველად ნახა.
„დღეს როგორც იქნა ვნახეთ, მათ შორის გიორგი რურუამაც პირველად ნახა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოც პატიმრობაში იმყოფება. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ იარაღის მჭიდზე დატანილია ნომერი. შესაბამისად, ეს ნომერი მითითებული უნდა ყოფილიყო ჩხრეკის ოქმში, თუმცა ჩხრეკის ოქმში ეს ნომერი არ გვხდება. მაგრამ გვხდება მაგალითად ათლარიანი კუპიურის ნომერი, რომელიც გიორგის ჰქონდა თან. ეს ნიშნავს, რომ ჩადებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ბუნებრივია, მჭიდთან და ვაზნებთან ერთად. დღეს იყო პირველი დღე, როდესაც მას მიეცა შესაძლებლობა, ენახა ნივთი, რომლის გამოც უკვე შვიდ თვეზე მეტია, იმყოფება პატიმრობაში“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.