გიორგი რურუას საქმეზე სასამართლომ მხარეთა მტკიცებულებების უმრავლესობა დასაშვებად ცნო
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარი მტკიცებულებების უმრავლესობა დასაშვებად ცნო.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნუსხა დაამტკიცა და არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, პროკურატურის რიგი მტკიცებულებების ამორიცხვის საკითხზე. ასევე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის პოზიცია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე, თუმცა დაუშვებლად ცნო ის მტკიცებულებები, რომელიც არაქართულენოვანია და ასევე მოწმე კონსტანტინე სირაძის დაკითხვა. დაშვებულად იქნა ცნობილი დაცვის მხარის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადვოკატების განცხადებით, გიორგი რურუას საკანშია გადაღებული და ასახავს როგორ ძალადობენ სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას. საუბარია დნმ-ის მიზნით, რურუას პირადი ნივთების ამოღებაზე.
ბრალდებულმა გიორგი რურუამ ვიდეომასალაზე საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.
ვიდრე მოსამართლე ამ მტკიცებულების დაშვებაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ადვოკატებმა მოითხოვეს ამ მასალის სასამართლოში ჩვენება, რათა მოსამართლე გაცნობოდა, თუ რა მტკიცებულებაზე იყო საუბარი. თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს სასამართლო განხილვის სხვა ეტაპზე უნდა მოხდეს და ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ სასამართლოს სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, რაც ასევე არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, საქმის პროკურორების ცნობით, მოწმეების ჩვენებებთან ერთად საქმეშია ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც ადასტურებს, რომ იარაღზე აღმოჩენილია რურუას დნმ-ის კვალი.
ამჟამად სასამართლო გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს. ადვოკატები ითხოვენ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობა.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.