გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა
გიორგი რურუას საქმეზე დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ ორი მოწმე წარმოადგინა.

ადვოკატის თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი წესების დარღვევით ჩატარდა.

„ადვოკატმა შოთა კახიძემ იცოდა, რომ საგამოძიებო მოქმედება ორშაბათს უნდა ჩატარებულიყო, შეთანხმება შედგა ადვოკატსა და გამომძიებელს შორის, ამის შემდეგ გამომძიებლები მოტყუებით და მალულად შევიდნენ გიორგი რურუასთან, რათა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, პარასკევს ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ამის ამსახველი აუდიოჩანაწერიც გვაქვს, რომელიც წარმოდგენილია საქმის მასალებში. გამომძიებელმაც, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, დაადასტურა, რომ შეთანხმება ჰქონდა ადვოკატთან ორშაბათს ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. მოწმეს, ადვოკატ გაიოზ ნიჟარაძეს წარდგენილი ჰქონდა ორდერი 5 დეკემბრიდან მოყოლებული ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. იმ დღესაც მისული იყო, როცა გიორგი რურუას საკანში პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ. დაახლოებით, ოთხი საათი გიორგი რურუას ამოყვანას მოანდომეს და უმალავდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა. პოლიციელებმა შეგნებულად არ დაასწრეს გიორგი რურუას მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას მისი ადვოკატი, რადგან ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით. არ შედგა ამოღების ოქმი, არ დაილუქა ამოღებული ნივთები ადგილზე, არ მოაწერინეს ხელი გიორგი რურუას და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომელშიც უტყუარად დასტურდება პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა, ბრალდების მხარე იძულებული გახდა, რომ საკუთარი მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოეღო“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ბრალდება აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს. პროკურორის განმარტებით, იურისტმა ადვოკატის ორდენი დაგვიანებით წარმოადგინა, რის გამოც 3 იანვარს საგამოძიებო მოქმედებებს ვერ დაესწრო.

„დღეს წარმოდგენილი იყო ბრალდების მხარის ორი მოწმე, ერთი მათგანი წარმოადგენს წინა მოწმეების გაგრძელებას. ის აქციაზე იყო და არ შესწრებია საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ჩატარდა გიორგი რურუასთან. მეორე მოწმე გიორგი რურუას ადვოკატი იყო, ამჟამად მოწმის სახით იკითხებოდა. მას გააჩნდა პრეტენზია, რომ სამ იანვარს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში არ მიაღებინეს მონაწილეობა, თუმცა იქვე დარწმუნდა, რომ ადვოკატის ორდერი წარმოადგინა ოცი დღის შემდეგ. შესაბამისად, ალოგიკური იყო მისი ჩვენება, როგორ შეიძლება საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, როცა 20 დღის შემდეგ აწვდი გამოძიებას ადვოკატის დოკუმენტს. სხვადასხვა პროცედურული დარღვევა საგამოძიებო პროცედურაში არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულებას, შესაბამისად მასზე რაიმე მტკიცებას ჩვენ არ ვახდენთ. ადვოკატი არ ესწრებოდა მოცემულ საგამოძიებო მოქმედებას, თუმცა საქმის მასალებშია, მას შეეთავაზა, სატელეფონო ზარი განხორციელდა და საქმის კურსში იყო, რომ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები“ – განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.