თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვისას პროკურატურის სამი მოწმე დაიკითხა.
ბრალდების მოწმეთა შორის იყვნენ გამომძიებელი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუში საკანში აიღო და ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებმაც იარაღისა და ბრალდებულის ტანსაცმელს შორის კვალზე ისაუბრეს.
დღევანდელ პროცესზევე დაცვის მხარემ სატელეფონო ანძებიდან გამომძიებელ გიგა დარსაველიძის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შუამდგომლობა დააყენა, რომლის საფუძველზეც უნდა დადასტურებულიყო, იმყოფებოდა თუ არა ნამდვილად გამომძიებელი გიგა დარსაველიძე რურუას დაკავებისა და ჩხრეკის ადგილზე. ადვოკატებმა აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც გიორგი რურუამ პროცესზე განაცხადა, რომ მას გამომძიებელი დაკავების დროს არ უნახავს. პროკურორის განმარტებით დაცვის მხარემ უსაფუძვლო შუამდგომლობები დააყენა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„დღეს დაიკითხა ორი ექსპერტი, ასევე დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი. დაისვა შესაბამისი კითხვები და გამომძიებლის მიერ გაცემული იქნა პასუხები. მან აღწერა ის საპროცესო მოქმედებები, თუ რა ვითარებაში ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღთან დაკავშირებით ექსპერტმა დაადასტურა, რომ ცეცხლსასროლ იარაღის ნომერი აღნიშნული იყო ცეცხლსასროლი იარაღის კორპუსის შიგთავსში. მისი დაშლის შემთხვევაში იყო შესაძლებელი მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ნომრის წაკითხვა და ვიზუალური, გარეგანი დათვალიერებით ამ ნომრის ამოცნობა შეუძლებელია“, – განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.