გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მერვე პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი – ლევან გელაშვილი და შალვა მარგველაშვილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მერვე პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა, შალვა მარგველაშვილმა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა, ლევან გელაშვილმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა პატიმრების მიერ 2020 წლის 2 ნოემბერს, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
დაკავებუბლებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.