გიორგი ქოჩორაშვილი სასტუმრო „ბილთმორში“ პროექტის, „ფეხბურთი გონების თამაშის“ ფარგლებში გულშემატკივრებს, ახალგაზრდა მოთამაშეებს და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდა.
„ვიცი, რომ ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მივიღე, ბევრისთვისაა საინტერესო. მაგალითად, ფიზიკური, იგივე მენტალური მომზადება. საჭიროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ დაინტერესებულ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მივაწოდო.
არის რთული მომენტები. მყავს ხალხი, ვინც მეხმარება, სათქმელი ხალხის გულთან სწორად მივიტანო – მაგალითად, როგორ განვათავსო სოციალურ ქსელებში პოსტები. ამას იმ ხალხს ვუთანხმებ, ვინც ამ საქმის პროფესიონალია. ანუ, ფეხბურთზე ხშირად ის ხალხი ახდენს გავლენას, ვინც არ ჩანს.
რას ნიშნავს ჩემთვის „კაპიტანი ამერიკას“ აღნიშვნა? ეს არაა მხოლოდ „მარველის“ პერსონაჟის წარმოჩენა. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სუსტი ვიყავი და ევროპული ფეხბურთისთვის მზად არ ვიქნებოდი. საქართველოში გამართული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისიც მითხრეს, რომ მზად არ ვიყავი საქართველოს ჩემპიონატისთვისაც.
„კაპიტანი ამერიკა“ გამბედაობის მაგალითია. რომელიც თავისი სიძლიერით ცდილობს, თავის ხალხს და მსოფლიოს დაეხმაროს. ჩემი პრინციპებიც იგივეა – გამბედაობა, შრომა და დისციპლინა. რომც გითხრან – არ ხარ საუკეთესო, არ ხარ მზად, მხოლოდ იმაზე იმუშავეთ, რაც გიყვართ და თუ სწორი გეზი გაქვთ აღებული, შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.

საბერძნეთთან პლეი ოფის მოგება და ის საქმე, რაც ნაკრებმა გააკეთა, მხოლოდ პენალტთან არ უნდა გავაიგივოთ. მანამდე „ლევანტეში“ ვერ გავიტანე და ვფიქრობ, ეს დამეხმარა, რომ კიდევ მეტი მემუშავა. ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდი და 30-ჯერ ვარტყამდი იმ კუთხეში, რაც აუღებლად მიმაჩნდა.
რას ნიშნავს ჩემთვის 26 მარტი? რთულია გადმოსცე, რას გრძნობ თამაშის დროს. ამ ემოციას ისე ვერ იღებ, როგორც, მაგალითად, შენი ოჯახის წევრი. ბედნიერებაა, ხალხი რომ ქუჩაში გვხდება და უბრალოდ გეხუტება. ეს დიდი სიყვარულის გამოხატვაა, გულშემატკივრის გარეშე ვერც ვითამაშებთ. ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხალხი რომ გვყოლოდა, შესაძლოა, შედეგი სხვაგავრი ყოფილიყო.
ბავშვი ვიყავი, როდესაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, სანდრო კობახიძემ ფეხსაცმელი მაჩუქა. სიხარულით ვიცვამდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იყო. ახლა კი კარგად ვხდები, გულშემატკივრისთვის რას ნიშნავს თითოეული ჟესტი, მაისურის ჩუქება და ვცდილობ, უყურადღებოდ არავინ დავტოვო.
ვალენსიაში 6 წელი ვცხოვრობდი და ლისაბონში გადასასვლელად რომ ვემზადებოდი, 20-გვერდიანი ჩანაწერი ვნახე. იმ შეუპოვრობაზე ვწერ, რამაც რეალურად მასწავლა, ჩემი აზრები ფურცელზე როგორ გადმომეტანა – როგორ დამეძლია შიში, რომ მოედანზე ისეთი ლაღი გიორგი მენახა, რომელიც მეგობრებთან თამაშობდა. თითქოს ჩემი შიში ფურცლებზე გადავიდა. შესაძლოა, რასაც ვწერ ამ წლების განმავლობაში, იმის გაცნობა ბევრ ადამიანს წაადგეს“.