გიორგი ქობულია - კვიპროსთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას სამი პრიორიტეტული მიმართულებით ვგეგმავთ
საქართველოსა და კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობებში სამი ძირითადი სფეროა პრიორიტეტული: საზღვაო, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, თუმცა სხვა სფეროებსაც დიდი მნიშვნელობაც ვანიჭებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელიც საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმში მონაწილეობს.
მან სოფლის მეურნეობისა და საზღვაო სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სოფლის მეურნეობის სფეროში მოეწერა ხელი მემორანდუმს, რაც მოგვცემს საშუალებას, გავაღრმაოთ ურთიერთობა. რაც შეეხება საზღვაო სფეროს, დღეს გვაქვს კარგი თანამშრომლობა კვიპროსთან. კვიპროსული კომპანია არის ჩვენი მეზღვაურების ძირითადი დამსაქმებელი. ვიმედოვნებთ, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მხოლოდ კომპანია „კოლუმბია შიფმენთი“ 1000-მდე მეზღვაურს დაასაქმებს“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები კვირაში ორჯერ სრულდება.
„მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი და ვიმედოვნებთ, მიმოსვლა გაფართოვდება, რაც საშუალებას მისცემს ჩვენსა და კვიპროსელ ტურისტებს, ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ. ამ მნიშვნელოვანი სექტორების გარდა, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველა დანარჩენ სექტორს, საუბარია საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, იურიდიულ მომსახურებაზე, ავეჯის წარმოება და სხვა“, – განაცხადა ქობულიამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე ბიზნესფორუმი ქართული და კვიპროსული კომპანიების თანამშრომლობის გაღრმავების წინაპირობა იქნება.
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოს ანასტასიადისის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ბიზნესფორუმში ორივე ქვეყნის 120-მეტი კომპანია მონაწილეობს.