თბილისში საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მონისტრი გიორგი ქობულია.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქართული და კვიპროსული კომპანიების წარმომადგენლები მრავალმხრივი და ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ბიზნესფორუმში მონაწილეობს ორივე ქვეყნის 120-ზე მეტი კომპანია. ორმხრივი ბიზნესინტერესების სფეროებია: საინფორმაციო ტექნოლოგიები და ვებდიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვა.

ნიკოს ანასტასიადისი მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.