გიორგი ქობულია იოჰანეს ჰანს შეხვდა
გიორგი ქობულია იოჰანეს ჰანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროკომისართან შეხვედრაზე განვიხილეთ, არის საშუალო და მცირე საწარმოების მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ვილაპარაკეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნაზე, რომელშიც ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გვეხმარება და დიდ დახმარებას გაგვიწევს მომავალშიც.

ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდმა მოგვცეს ის შედეგები, რომელიც გვჭირდება – მან უნდა დააფინანსოს ის სფეროები, ის კომპანიები, რომლებიც მაქსიმალურ შედეგს მოგვცემენ ეკონომიკის ზრდაში და ასევე მოგვცემენ ევროპის ბაზრებთან ინტეგრაციის საშუალებას“,- აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულია თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო DCFTA-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან.