გიორგი ქობულია - ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება არ შეწყვეტია, საკითხის განხილვის პროცესში ვართ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას „ინტერნეიშენალ ივენთს“ ხელშეკრულება არ შეწყვეტია.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ გაუგზავნა კომპანიას წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ უწყება განიხილავს ამ საკითხს, რადგან მათ მთელი რიგი დავალიანებები ჰქონდათ.
„ჩვენს შეტყობინებაზე გვიპასუხეს წერილით, რომელშიც ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს მიერ გაწერილ საკითხებს. შემოსული წერილის საფუძველზე კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ამ საკითხის გადახედვის პროცესში. ეს არის, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ხდება. პროცესი შემდეგია – ჩვენ ვატყობინებთ, რომ აქვთ დარღვევები და ვაპირებთ, შევუწყვიტოთ ხელშეკრულება, ამ დროს, საპასუხო წერილით გვპასუხობენ, სადაც გაწერილია მათი მოსაზრებები, რატომ მიიჩნევენ, რომ არამართებულია ხელშეკრულების შეწყვეტა. მივიღეთ, გავეცანით ამ წერილს და დღესდღეობით ვართ განხილვის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს საკითხი სწრაფად დასრულდება და შედეგს ყველა გაიგებს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ფილარმონიაში დაბრუნდეს, გიორგი ქობულია ამბობს: „ყველანაირი საკითხი განიხილება, რა თქმა უნდა, შეიძლება“.
სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ითხოვს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს.