გიორგი ქადაგიძე - „თიბისი ბანკის“ საქმე უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი კონკრეტული ტრანზაქცია
„თიბისი ჯგუფი“ არის ყველაზე მსხვილი ჯგუფი საქართველოში, რომლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები უკვე გასცდა ჯგუფის საკითხს და წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
ამასთან, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„თიბისი ჯგუფი“ არის ყველაზე მსხვილი ჯგუფი საქართველოში, რომლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები უკვე გასცდა მხოლოდ ამ ჯგუფის საკითხს და წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. ეს რეზონანსიც მაგაზე მეტყველებს. ამიტომ ყველა კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი და ყველაფერი უნდა იყოს საჯარო. ჩემი აზრით, ეს არის ყველა მხარის ინტერესში. უფრო დეტალურად ჩვენების მერე მოგახსენებთ.
ვფიქრობ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატის ქვეშ ყველა მოხელეს აუცილებლად მოუწევს განმარტებების გაკეთება ყველა კითხვასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის მერე იქნება შესაძლებელი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება.
გულწრფელი რომ ვიყო, ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს პროკურატურას რეგულატორისგან. საკითხი უფრო გაცილებით ფართო და საჯაროა, ვიდრე კონკრეტული ტრანზაქცია განხორციელებული პროცედურების დარღვევით, თუ პროცედურების დაცვით. გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის საკითხთან გვაქვს საქმე და გასცდა ეს რაღაც ოპერაციების საკითხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საკითხის საჯაროობა“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
პროკურატურამ სასამართლოს ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით დღეს მიმართა, რადგან ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას. გიორგი ქადაგიძე ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი 2009 წლის თებერვალში გახდა.