ირაკლი კობახიძე - როგორც ჩანს, გიორგი ქადაგიძეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან ჰქონდა უშუალო შეხება
ირაკლი კობახიძე - როგორც ჩანს, გიორგი ქადაგიძეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან ჰქონდა უშუალო შეხება

როგორც ჩანს, გიორგი ქადაგიძეს ამ საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში განხორციელდა გარკვეული ოპერაციები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კითხვებზე პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა.

„როგორც ჩანს, გიორგი ქადაგიძეს ამ საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში განხორციელდა გარკვეული ოპერაციები. აქედან გამომდინარე, ალბათ შეიძლება მასთანაც დაისვას შესაბამისი კითხვები, თუმცა ეს არსებითად სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. ვინ არის პასუხისმგებელი იმ ქმედებაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ამ კითხვაზე პასუხი თავად სამართალდამცავებმა უნდა გასცენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე დღეს დაიკითხა.

პროკურატურამ სასამართლოს ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით დღეს მიმართა, რადგან ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას. გიორგი ქადაგიძე ამ პერიოდში ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი 2009 წლის თებერვალში გახდა.