პროკურორი - მელაშვილისა და ილიჩოვას მიმართ გამოძიება ამოწურულია და აღარ არსებობდა საფრთხეები, მათ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა
ბრალდების მხარემ სწორედ ამ ეტაპზე დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ბრალდებულების მიმართ უკვე ამოწურულია გამოძიება, – ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება უკვე ამოწურულია და აღარ არსებობდა ის საფრთხეები, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა – პატიმრობა.
„ბრალდების მხარემ სწორედ ამ ეტაპზე დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის თაობაზე, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ბრალდებულების მიმართ უკვე ამოწურულია გამოძიება. ის საფრთხეები, რაც არსებობდა თავდაპირველი გადაწყვეტილების მიღებისას, არ იყო უკვე იმ სტანდარტით წარმოდგენილი, რომ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. შესაბამისად, უფრო ნაკლებად მძიმე ღონისძიებას უკვე შეეძლო უზრუნველეყო პროცესის მიზნები. გირაოს ოდენობის განსაზღვრისას ბრალდების მხარის მიერ გათვალისწინებული იქნა ბრალდებულების ქონებრივი და მატერიალური შესაძლებლობები. მათ გააჩნდათ როგორც უძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშებზე ანაბარი, რაც უზრუნველყოფდა გირაოს გადახდას. პატიმრობის დროს ივერი მელაშვილს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება, გათავისუფლებისას კი მას აღუდგებოდა თანამდებობა“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ბრალდებულების ადვოკატების განცხადებებზე ჩანაწერებთან დაკავშირებით.
„ადვოკატები ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ეს შეუძლებელია. თავად ივერი მელაშვილი ამბობს, მას არ სურდა ხელმოწერა იმ ალბომებზე, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს საზიანოდ მიღებულ შეთანხმებას და ციტირებას მოვახდენ: „ნასტრაიენია იყო მაშინ ასეთი და ამიტომ მოუწია ხელის მოწერა“, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ადამიანი ამ პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების მითითებით მოქმედებდა“, – განაცხადა მუჯირმა.