გიორგი მიქაძე - „სელიას“ რძის ფხვნილი კვლევის დასრულებამდე არ გამოიყენოთ
მინდა, მოსახლეობას მივცე რეკომენდაცია, რომ თუ მათ „ლაქტალისის“ მიერ წარმოებული, ექვს თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი „სელიას“ ლაქტოზაგამოცლილი მშრალი ფორმულა ნაყიდი აქვთ და სახლში უდევთ, კვლევის დამთავრებამდე არ გამოიყენონ, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მიქაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არის თუნუქის ქილაში, პლასტმასის სახურავით, 400 და 900–გრამიანი შეფუთვები. ვაკონკრეტებ, რომ ეს რძე არ არის“, – განაცხადა მიქაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების ცენტრიდან ინფორმაცია გუშინწინ შევიდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 26 ბავშვის სალმონელა–აგუნათი ავადობას ფრანგული კომპანია „ლაქტალისის“ მიერ წარმოებულ, ექვს თვემდე ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ მშრალ რძეს უკავშირებდნენ.
„შეტყობინების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება დაიწყო, რაც პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა–ამოღების პროცედურების დაწყებას ითვალისწინებს. კომპანია „ლაქტალისის“ წარმომადგენლობას საქართველოში, „ლაქტალის ჯორჯიას“ შეტყობინების მიღებისთანავე შევატყობინეთ და მათ ბაზარზე პროდუქციის აკრძალვა–ამოღების პროცედურა მაშინვე დაიწყეს. ის პროდუქცია, რაც ცენტრალურ საწყობში ჰქონდათ, ყველაფერი დალუქულია და მიმდინარეობს იმის ამოღება, რაც ქსელში გაშვებული ჰქონდათ. ამოღების პროცედურა ერთი და ორი საათის ამბავი არ არის. ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.