მედპერსონალის „კოვიდ-19“-ის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, მათი სხვა კადრებით ჩანაცვლების გეგმა მზად გვაქვს, – ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტალების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის პანდემიის შესაძლო პიკური სცენარის განვითარების შემთხვევაში ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნის საკითხი განიხილეს.
დისკუსიის დროს გიორგი მინიდაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, სახელმწიფოს ექვსი კლინიკა სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს. ამისთვის „ევევექსი ჰოსპიტალები“ სრულ მზადყოფნაშია, სასუნთქი აპარატებით აღჭურვილია და მედპერსონალიც შესაბამისად არის გადამზადებული.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად მზად არის აღნიშნული კლინიკების ქსელი, მართოს სიტუაცია მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში, რაც, როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, საკმაოდ დიდი რისკია.
მინდიაშვილის განმარტებით, გადამზადება ამ რისკის მართვის უნარსაც მოიცავს. მისი განმარტებით, ეს გეგმა გულისხმობს, რომ დავირუსებულ პირთან კონტაქტში მყოფი სრული მედპერსონალი გადავა თვითიზოლაციაში და მას ჩაანაცვლებს ახალი გუნდი, თუმცა მისივე თქმით, ეს სათადარიგო გეგმა მხოლოდ კრიტიკულ დეპარტამენტებზე ვრცელდება.
„გადამზადება რამდენიმე მიმართულებით არის. ერთ-ერთი ძალიან მნიშვენელოვანი კომპონენტი მოიცავს კრიტიკულ დეპარატამენტებს, როგორიცაა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი და თერაპიული დეპარტამენტი. ვურჩევ სხვა დაწესებულებებსაც [გადამზადებას] აღნიშნულ განყოფილებებში. არ არის გამორიცხული კორონავირუსი უახლოეს მომავლში დაფიქსირდეს კადრებშიც, ექიმს ან მედდას დაუდგინდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც დავირუსებული პირთან კონტაქტში მყოფი კადრების თვითიზოლაცია მოხდება, არ დატოვოს ასეთი განყოფილებები, რომელიც მოსახლეობისთვის სერვისის მიწოდების კუთხით მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ. თუ ასეთი რამ დაფიქსირდა კრიტიკულ დეპარტამენტებში, სადაც დიდი რეფერალური ცენტრებია, ასეთ შემთხვევაში, გვაქვს კადრების ჩანაცვლების გეგმა. ახალი გუნდი მთლიანად ჩაანაცვლებს ძველს, მხოლოდ ხაზს ვუსვამ, ეს იმ დეპარტამენტებში მოხდება, რომელთა არსებობაც და შენარჩუნებაც მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და უწყვეტი სერვისის მიწოდებისთვის განასკუთრებით კრიტიკულ შემთხვევაში“, – განუცხადა გიორგი მინდიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.