გიორგი მინდიაშვილი - საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ექვსი ჰოსპიტალი მზად არის, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახუროს
გიორგი მინდიაშვილი - საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ექვსი ჰოსპიტალი მზად არის, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მოემსახუროს

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ექვსი ჰოსპიტალი მზად არის, „კოვიდ-19“-ის ვირუსის მქონე პაციენტებს მოემსახუროს, – ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტალების“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის პანდემიის შესაძლო პიკური სცენარის განვითარების შემთხვევაში ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნის საკითხი განიხილეს.

დისკუსიის დროს „ევექსი ჰოსპიტალების“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, სახელმწიფოს ექვსი კლინიკა სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს. ამისთვის „ევექსი ჰოსპიტალებმა“ მზადება 10 დღის წინ დაიწყო და დღეის მდგომარეობით სრულ მზადყოფნაშია.

„ჯერ ამის საჭიროება არ დგას ქვეყანაში. თუმცა, თუ საჭიროება დადგა, უკვე მზად გვაქვს გეგმა და ჩვენს ექვს ჰოსპიტალს ეტაპობრივად გადავაკეთებთ, რომ სრულად მოემსახურონ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ასეთ დროს, რა გამოწვევის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, უმნიშვნელოვანესია კერძო და სახელმწიფო სექტორის კოორდინაცია და თანადგომა. შესაბამისად, ამას ყოველგვარი მოგების თუ ბიზნესინტერესის გარეშე გავაკეთებთ და სახელმწიფოს გვერდით დავუდგებით იქამდე, სანამ დაჭირდება. თუმცა დღეისთვის მზად გვაქვს ექვსი ჰოსპიტალი“, – განაცხადა მინდიაშვილმა.

მისი განმარტებით, კორონავირუსის სამართავად მედპერსონალის გადამზადება ორი-სამი კვირის წინ დაიწყო და ახლაც 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. გადამზადებული მედპერსოანლი მზადაა, კლინიკაში ავადმყოფების ნაკადის შესვლისთანავე მართოს პოტენციური კორონავირუსიანი პაციენტების იდენტიფიცირება, იზოლაცია და შესაბამის საავადმყოფოში გადაგზავნა.

„ყველა ჰოსპიტალში გაკეთდა ე.წ . პრეტრიაჟი, რაც გულისხმობს, რომ სანამ ნაკადი შევა კლინიკაში, ეს იქნება გეგმური თუ გადაუდებელი ავადმყოფების ნაკადი, პრეტრიაჟის საშუალებით – კითხვარებით თუ პირველადი დიაგნოსტიკით – ხდება პოტენციური რისკის შემცველი პაციენტის იდენტიფიცირება. თუ ასეთი პაციენტი არსებობს, ის აღარ ერევა არსებულ ნაკადში და გადადის იზოლირებულ ბოქსში, სანამ მისი პასუხის დადასტურება ლაბორატორიულად მოხდება. თუ პასუხი ნეგატიურია, მაშინ მკურნალობა ჩვეულებრივად გრძელდება. თუ პასუხი პოზიტიურია, მაშინ ამ პაციენტის რეფერალი შესაბამის დაწესებულებაში ხდება. დღესდღეობით ეს დაწესებულებებია – რესპუბლიკური, ინფექციური და სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკა, თუმცა როგორც ვთქვი, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ექვსი კლინიკაც შეემატება ასეთ რეფერალურ ცენტრებს“, – განაცხადა მინდიაშვილმა.

„ევექსი ჰოსპიტალების“ გენერალური დირექტორის განცხადებით, რომ მისი კლინიკების რესურსი სავსებით საკმარისია ქვეყანაში არსებული ეპიდემიური მდგომარეობის სამართავად.

„ამ მომენტისთვის გვაქვს დაახლეობით 240 სასუნთქი აპარატი, საიდანაც 40-50 არის თავისუფალი. ამის გარდა, მივიღეთ სიფრთხილის ზომები და ორი კვირის წინ დამატებით კიდევ 30 შევუკვეთეთ. შემიძლია ვთქვა, რომ იმ ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია და გარკვეული გონივრული გათვლების ფარგლებში, რასაც შეიძლება ქვეყანა ელოდებოდეს, ვფიქრობ, ეს რესურსი სავსებით საკმარისია“, – განუცხადა გიორგი მინდიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი