გიორგი მღებრიშვილი - ტყის ხანძრების ქრობის ახლებური მეთოდი დავნერგეთ, შევქმენით „ღამის მქრობელთა“ ჯგუფები
ჩვენ ტყის ხანძრების ქრობის ახლებური მეთოდი დავნერგეთ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შევქმენით ე.წ. ღამის მქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თურქეთის სოფლის მეურნეობისა და ტყის სამინისტროს ტყის საკითხთა გენერალურ დირექტორთან, ბექირ ქარაჯაბეისთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა თურქულ მხარეს ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული დახმარებისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზაობა გამოთქვა.
„ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ და დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთად ვებრძოლოთ ბუნებრივ გამოწვევებს. ეს რეგიონი ჩვენი საზრუნავია, შეიძლება საქართველოში ეკოლოგიურმა ცვლილებამ თქვენი ქვეყნის ეკოლოგიაზეც იმოქმედოს და პირიქით. ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ერთმა ნაწილმა თურქეთში გაიარა საკვალიფიკაციო კურსები და სწორედ თურქული მხარის დახმარების შემდეგ, ჩვენ ტყის ხანძრების ქრობის ახლებური მეთოდი დავნერგეთ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შევქმენით ე.წ. ღამის მქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ. ბოლო ხანძრებმა აჩვენა, რომ ეს ყველაზე ეფექტიანი მეთოდია“, – გიორგი მღებრიშვილი.
ბექირ ქარაჯაბეის განცხადებით, თურქული მხარე ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ისეთი დიდი გამოწვევის დამარცხებაში, როგორიც ტყის ხანძრებია.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის აქტიური თანამშრომლობაა. ეს აუცილებლად გაღრმავდება და გაგრძელდება. შარშანდელმა ტყის ხანძრებმა აჩვენა, თუ რამდენად აქტიურები შეიძლება ვიყოთ ორმხრივ ურთიერთობაში. ჩვენ გვესმის, რამდენად დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის ტყის ხანძრები, ამიტომ მზად ვართ, თქვენი სპეციალისტები გადავამზადოთ. შეგვიძლია, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, – განაცხადა ბექირ ქარაჯაბეიმ.
გიორგი მღებრიშვილი მეორე დღეა თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ანკარაში კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა და თანამშრომლობის ორმხრივი მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.