გიორგი მღებრიშვილი - მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, თუმცა მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ დაიწიოს, რათა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები დაიწყოს.
„ადგილზე მობილიზებული ვართ როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვადასხვა უწყება, სრულ კოორდინაციაში ვართ. ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მზად ვართ, ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსები ისევ ელოდებიან ნალექს, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ასე რომ საგანგაშო არაფერი არ არის. მთავარია, წყლის დონემ დაიწიოს, რათა უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები დაიწყოს შედეგების ლიკვიდაციისთვის“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მობილიზებული იყო და ხეობაში მონიტორინგის ჯგუფები მუშაობდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო მობილიზებული და მონიტორინგის ჯგუფები გვყავდა განთავსებული ხეობაში. ისინი აკონტროლებდნენ მდინარეზე წყლის დონის მატებასა და კლებას. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ოპერატიულად გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ ჩვენ შესაბამისად ადეკვატური ღონისძიებები ჩაგვეტარებინა. მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდა საჭირო. რაც მთავარია, არ არის მსხვერპლი. სხვას აუცილებლად ყველაფერს ეშველება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.