გიორგი მღებრიშვილი - ჩვენ გადავდივართ საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე, რომელიც უფრო ეფექტური და მარტივი იქნება
ჩვენ გადავდივართ საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე, რომელიც უფრო ეფექტური და მარტივი იქნება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უწყება ახალ მოდელზე გადასასვლელად ბიუჯეტის გაზრდას არ მოითხოვს.
„დღეს მთავრობას წარვუდგინეთ კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ცვლის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს. კანონპროექტზე ჩვენ უკვე მივიღეთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს ექსპერტების წინასწარი დასკვნა. ამ დასკვნაში დადებითად არის შეფასებული პროექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება რეფორმებს, დაგეგმილია სიახლეები. ჩვენ გადავდივართ საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე, რომელიც უფრო ეფექტური და მარტივი იქნება. ხუთდონიანი მართვის სისტემიდან გადავდივართ ორდონიან მართვის სისტემაზე. ეს იქნება ადგილობრივი და ეროვნული მნიშვნელობის დონე“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად, საგანგებო სიტუაციების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქნება.
„სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს დაგეგმვის ნაწილში ჩვენ შემოგვაქვს ახალი კომპონენტი და ეს არის სამეცნიერო-კვლევითი ობიექტი. ჩვენ ვქმნით საექსპერტო საბჭოს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგის ექპერტებით და მეცნიერებით, რომლებთან ერთადაც მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თვალსაზრისით, ისე პრევენციული მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.