გიორგი მერებაშვილმა უარყო სერბულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სერბეთში, ნოვისადის „ვოევოდინაში“ ბრუნდება, სადაც კარიერის დასაწყისში თამაშობდა.
„არა, ეს ტყუილია. სერბეთში ვიყავი, მაგრამ არა მოლაპარაკებაზე, არამედ, ისე მეგობრები მოვინახულე. ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ, რადგან შემოთავაზებებს ველოდები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი მერებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სერბული ინტერნეტპორტალის, tvarenasport-ის ცნობით, „გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი, „ვოივოდინას“ გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი უცხოელი მოთამაშე გიორგი მერებაშვილი ნოვი სადში ბრუნდება“.
გამოცემა წერდა, რომ 34 წლის გიორგი მერებაშვილი მოლაპარაკებებზე სერბულ ფეხბურთში დასაბრუნებლად ჩავიდა და ნოვი სადის კლუბში კარიერის დასრულებას აპირებდა.
საქართველოს ნაკრებისა და „დინამოს თბილისის“ ყოფილმა წევრმა პოლონური პლოკის „ვისლა“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. მან საბერძნეთის სამ გუნდშიც ითამაშა. გიორგიმ ინსტაგრამზე დაწერა, რომ მისი შემდეგი გაჩერება ნოვი სადია და გაუგებრობა ამან გამოიწვია. „ვოივოდინაში“ ორი წელი გაატარა. ის გულშემატკივრებმა მეორე სეზონის შემდეგ გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.