გიორგი მერებაშვილი - სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება, დაგვიანებით, მაგრამ მიიღო, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასევე იქნება
სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მიიღო და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე იქნება, – ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, გიორგი მერებაშვილმა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზეა ბრალდებული, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. მან მოკლე კომენტარის შემდეგ, სასამართლო დატოვა.
მერებაშვილის ადვოკატის, კახა ხვისტანის განცხადებით, სასამართლოს მერებაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო, რადგან ბრალდების მხარემ ცხრათვიან ვადაში ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა.
საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის თქმით კი, სწორედ კახა ხვისტანის ქმედებებმა გააჭიანურა სასამართლო განხილვები და ამის გამო ვერ მოესწრო საქმის განხილვის დასრულება ცხრათვიან ვადაში.
„სწორედ კახა ხვისტანია ის ადვოკატი, რომელიც ხუთი პროცესის განმავლობაში იმალებოდა, ის დღესაც არ იყო სხდომაზე. მოსამართლემ კი, რატომღაც ისე, რომ ბრალდების პოზიცია არ მოუსმენია, მიიღო მერებაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება 11 ივლისს, როდესაც მას ცხრათვიანი პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურებოდა”,- განაცხადა პროკურორმა.
მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ამ საქმეზე მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები, შესაბამისად, ცხრათვიანი ვადა მხოლოდ მერებაშვილზე ვრცელდება.