გიორგი მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოში მოიწვია
გიორგი მარგველაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი თორლასიუს იოჰანესონი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.
პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დღეს ვილნიუსში, გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტისას შედგა. საქართველოსა და ისლანდიას შორის მეგობრობისა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოითქვა.
გიორგი მარგველაშვილმა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი თორლასიუს იოჰანესონმა შეხვედრისას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური და ბიზნესმიმართულების თვალსაზრისით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ სწრაფვა – პრეზიდენტების შეხვედრის ძირითად განსახილველი თემები იყო.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ისლანდია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გიორგი მარგველაშვილმა გუდნი თორლასიუს იოჰანესონს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია გააცნო, ბორდერიზაციის პროცესთან, ადამიანის უფლებების დარღვევისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მიმართულებით.
როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება ახალ პერსპექტივებს ხსნის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირებისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, რეზიდენტის საერტაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.