გიორგი მარგველაშვილი - არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხის წინა პლანზე წამოწევის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის ფედერაციის მცდელობებს შეუზღუდოს მოძრაობის თავისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
ეროვნული უშიშროების მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას პრეზიდენტმა განიხილა რუსეთი პროპაგანდის მეთოდები, რომლის მიზანიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩაა.