გიორგი მარგველაშვილი - არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მინდა, უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო დეტალები
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრაზე, მაჟორიტარად კენჭისყრის საკითხი არ განუხილავს.
მარგველაშვილის თქმით, მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა შეეცდება, პოლიტიკურ პროცესს რაიმე შემატოს.
„მე არ განმიხილავს მაჟორიტარად კენჭისყრა, მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ პარტიების მიერ შემდეგ იქნება საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე ითანამშრომლეს, რა განწყობაც დამხვდა ამ ოთახში – გამარჯვების, თანამშორმლობის და ერთიანი მიზნის ხედვის, შენარჩუნდება. ამასთან დაკავშირებით ეს პოლიტიკოსები გააგრძელებენ მუშაობას. მე არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ნამდვილად შევეცდები, რაიმე შევმატო. ჩემი მიზანია, საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატია შედგეს. მე ჩემს თავს მაჟორიტარად ვერ ვხედავ, მინდა, უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რაზეც მქონდა საუბარი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს, რომ ერთ უბანში ვიქნები ჩაკეტილი“ ,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, რაც სამარცხვინოა.
„დღეს ადამიანები სხედან ციხეში, იმედი მაქვს, რომ ისინი გამოვლენ, რადგან სამარცხვინოა, ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავდეს. ბევრმა ადამიანმა ღამეები ათენა, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონოდა. მე დღეს მადლობა ვუთხარი ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელმაც შეძლო ურთულეს ვითარებაში ძველი დაძაბულობების დავიწყება, ბევრი პროვოკაციის მცდელობის გადალახვა და შენარჩუენება იმ მაგიდის, რომელმაც მიგვიყვანა უკეთეს დემოკრატიულ სისტემამდე. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, იმ ადამიანებს, იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებსაც მართლა უყვართ საქართველო ყოველგვარი ამბიციის გარეშე. უყვართ ჩვენი ხალხი, ქვეყანა და უნდათ უკეთესი მომავალი საქართევლოსთვის“ ,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.