გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტსა და ევრკომისიის პრეზიდენტს უმასპინძლებს
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ექვსი ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.
ამის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.
უმაღლესი დონის სტუმრები საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დაესწრებიან.
„ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტები და ევროკომისიის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრებიან. პარლამენტში კი, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში”, რომლის მუშაობაშიც მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ.
26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებთან ერთად თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირებას დაესწრება.
26 მაისს, საღამოს კი, უმაღლესი რანგის სტუმრები ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ნინო ანანიაშვილის, „სუხიშვილებისა“ და „ბასიანის“ მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრებიან“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.