გიორგი მახარაშვილი - გენგეგმის ხშირმა ცვლილებამ და კონკრეტულ პირობებზე მორგებამ დოკუმენტი გააუფასურა
ბოლო 10–15 წლის განმავლობაში ძალიან ცუდი პრაქტიკა დამკვიდრდა, როცა არსებული გენგეგმის, ან ქალაქის რომელიმე სახელმძღვანელო დოკუმენტის პრიორიტეტები აბსოლუტურად უგულებელყოფილი იყო, – ამის შესახებ არქიტექტორმა გიორგი მახარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გენგეგმის ხშირმა ცვლილებამ და კონკრეტულ პირობებზე მორგებამ დოკუმენტის გაუფასურება გამოიწვია. გარდა ამისა, 2006 თუ 2007 წელს დადგენილი პარამეტრების მატებით ვაჭრობა შემოვიდა, რამაც აქამდე მოგვიყვანა. დღეს, ეს ნაწილობრივ, აკრძალულია, რაც მისასალმებელია, რადგან ამას ქალაქის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა არქიტექტორმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, დაარეგულირებს თუ არა ქალაქის განვითარების ახალი გეგმა ქაოტური განაშენიანების პრობლემას, გიორგი მახარაშვილმა თქვა, რომ ახალი გენგეგმის მასალებს კონკრეტულად არ იცნობს, მაგრამ გენგეგმა მარეგულირებელი დოკუმენტია და როცა ის არსებობს და სრულდება, ეს ქალაქის ქაოტურ განვითარებას თავისთავად გამორიცხავს.