გიორგი მაჭავარიანი - იქნებ, რაღაც სასწაული მოხდეს და გამოიძიონ, „ბავშვთა სამყარო“ ვინ დაწვა
გუშინ ხანძრის ადგილზე ვიმყოფებოდი და მეხანძრეების თავდადებით გაოცებული დავრჩი, რაც ჩვენ შემთხვევაში არ ყოფილა, – ამის შესახებ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ შემთხვევაში მეხანძრეები, შეიძლება ითქვას, არც განძრეულან და შენობაში არ შესულან, რომ ხანძრის ჩაქრობა ეცადათ, რაც შესაძლებელი იყო. ამას ხალხი ადასტურებს, ვინც ფაქტს შეესწრო.
იმის მიუხედავად, რომ „ბავშვთა სამყაროს“ მთლიანი შენობა განადგურდა, სამწუხაროდ, დღემდე სააქციო საზოგადოება დაზარალებულადაც კი არ არის ცნობილი.
გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და სამართლიანი გამოძიების იმედი გვაქვს. დამნაშავე პირის გამოვლენა არასდროს არ მომხდარა, მაგრამ იქნებ, რაღაც სასწაული მოხდეს და თანამშრომლობის შედეგად გამოიძიონ, „ბავშვთა სამყარო“ ვინ დაწვა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რის საფუძველზე აცხადებს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი, რომ ობიექტი დაწვეს, გიორგი მაჭავარიანმა თქვა, რომ წაკიდების ფაქტი გამოვლენილია.
„ამის შესახებ პირველივე დღეებში ვთქვი, რაც არასერიოზულად ჩათვალეს, რომ ეს ფაქტები სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას ჰგავს. ჩემი აზრით, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ხდება, რადგან ასეთ შემთხვევებში უფრო მეტი უკმაყოფილო ხალხი ვლინდება და რატომღაც, დამნაშავე ყოველთვის სახელმწიფოა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
გიორგი მაჭავარიანმა სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, კანონი შეიცვალოს და ხალხი ვალდებული იყოს, თავისი საქონლის წარმოშობის აღრიცხვიანობა გააკეთოს, რაც სამწუხაროდ, არ ხდება.
„კანონმდებლობით ისინი ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებული არ არიან, მაგრამ აღრიცხვას ოფიციალურად არ აწარმოებენ. ეს რომ გააკეთონ, სადაზღვევო კომპანია მათი საქონლის დაზღვევას მოახდენს. მეწარმეებმა თავიანთი საქონელი თავად უნდა დააზღვიონ და ამ შემთხვევაში არა ფიქსირებული გადასახადი, არამედ მთლიანად ზარალი აუნაზღაურდებათ“, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.