გიორგი ლუკავას გათავისუფლების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა განცხადებას ავრცელებს
გიორგი ლუკავას გათავისუფლების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა განცხადებას ავრცელებს

გიორგი ლუკავას გათავისუფლება პატიმრების გაცვლის პროცესის ნაწილია, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი,

ადგილობრივი მედიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა განცხადება სოხუმში გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ გაავრცელა.

„ოსი, აფხაზი და ქართველი პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმება 2008 წლის მოვლენების შემდეგ შედგა. გიორგი ლუკავა ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი იმ პირების ნუსხაში იყო, რომლებიც გაცვლას ექვემდებარებოდნენ, თუმცა გარკვეულ ეტაპზე პროცესი შეფერხდა. მოგვიანებით კი გიორგი გიუნაშვილი (ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან გათავისუფლებული) და გიორგი ლუკავა გათავისუფლდნენ ქართული მხარის მიერ დაკავებული როლანდ ჟიბას სანაცვლოდ, რომელიც აფხაზეთში ბ. კვიცინიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი“, – წერია განცხადებაში.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, შესაძლოა, პატიმართა გაცვლა და ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულთა ე.წ. კანონის სრული სიმკაცრით დასჯა გარკვეულ ძალებს არ აწყობთ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილებმა გიორგი ლუკავას გათავისუფლება გააპროტესტეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში თემაზე დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.