გიორგი ლომია - ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანებაზე ხვეწნას არავისთან ვაპირებთ
„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო ფრაქციის შენარჩუნების მიზნით, დეპუტატებთან კონსულტაციებს არ აპირებს.
როგორც პირველ არხს ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიამ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქციას დატოვებს, გაწევრიანების თხოვნით არავისთან საუბარს არ აპირებენ.
მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს, რომ დეპუტატებმა თავიანთი საქმიანობა და ბრძოლა ფრაქციის გარეშე განაგრძონ.
„თუ ვინმეს ფრაქციაში შემოსვლის სურვილი ექნება, სიამოვნებით მივიღებთ. დავით ჭიჭინაძეს მადლობას ვუხდი, რომ ფრაქცია აქამდე არ დაიშალა და შემოგვიერთდა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მას თავისი გზა აქვს, ჩვენ – ჩვენი. რაც შეეხება ფრაქციის შენარჩუნებას, ადამიანს თავად უნდა ესმოდეს ოპოზიციური ფრაქციის არსებობის საჭიროება. ჩვენს პარტიას ბევრი რამ აქვს გაკეთებული რეალურად და არა მხოლოდ სიტყვიერად, მათ შორისაა, ციხის კადრები. ადამიანს ამ ფრაქციის არ დაშლა და ბრძოლა თავად უნდა სურდეს. თუ ასეთი დეპუტატი გამოჩნდება, მივიღებთ. ხვეწნას არ ვაპირებთ“, – აცხადებს ლომია.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, ირმა ინაშვილი ვიცე-სპიკერის თანამდებობას შეინარჩუნებს.
„ვიცე-სპიკერის კვოტას არ ვთმობთ. იმისთვის, რომ ვიცე-სპიკერის პოსტი დავკარგოთ, 76 ხმაა საჭირო. თუ 76 დეპუტატი აწევს ხელს, რომ ირმა ინაშვილი გადააყენონ, მაშინ ვიცე-სპიკერის აპარატს დავკარგავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს“, – განაცხადა ლომიამ.
პირველ არხთან საუბარში დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვებაზე განცხადებას 5 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე გააკეთებს.
დავით ჭიჭინაძე „პატრიოტთა ალიანსში“ მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც ფრაქცია დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსში“ ხუთი წევრი დარჩება, რის გამოც ფრაქციას დაშლის საფრთხე ემუქრება, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის არსებობისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.