გიორგი ლილუაშვილი - პრეზიდენტის ამპლუაში ბრძოლა მომიწევს იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, კავკასიური წარმოშობის სახელმწიფოებთან კონსოლიდაცია მოხდეს
პრეზიდენტის ამპლუაში, ფაქტობრივად, ბრძოლა მომიწევს იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, კავკასიური წარმოშობის სახელმწიფოებთან კონსოლიდაცია მოხდეს და ფიქრი დავიწყოთ ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს მშენებლობაზე, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„თუ ასეთი ერთიანი სახელმწიფო არ შევქმენით, ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდება. ევროატლანტიკურ გაერთიანებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობაც გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს მშენებლობა მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენ სტრატეგიული მოკავშირეებიც გვჭირდება და ასეთი მოკავშირე უკრაინაა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერის გაკეთებით, სამწუხაროდ, კონკრეტული პიროვნებების ინტერესების გათვალისწინება მოხდა, როცა კონსტიტუცია თავის თავზე მოირგეს და არა ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება.
დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სალუაშვილის შეკითხვაზე, როგორია მისი ხედვა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, რომელმაც ქვეყანა მთლიანად დაანგრია და გაანადგურა, გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ეს პარტია პარლამენტში ისე მოგვევლინა და კვალიფიციურ პარტიად ისე იქცა, რომ თავმჯდომარეც კი არ ჰყავს, რაც კანონდარღვევაა, ეს პარტია უკანონოა და ის არჩევნებშიც არ უნდა მონაწილეობდეს.