გიორგი ლილუაშვილი - ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება
გიორგი ლილუაშვილი - ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება

პირდაპირ ვაცხადებ, ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„პრეზიდენტს საკმაოდ დიდი უფლებები და მთელი ერის ლეგიტიმაცია აქვს. რაც შეეხება იმას, შემდეგში რა მოხდება, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. გააჩნია, პრეზიდენტად ვინ გავა. ვთვლი, რომ პრეზიდენტად მე გავალ და მოსახლეობას კვლავ ექნება იმის საშუალება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ამ განცხადებით გიორგი ლილუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ აფასებს ის პრეზიდენტის შემცირებულ უფლებამოსილებას და იმას, რომ ამის შემდეგ, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, იმ მანდატით, რითაც ამ კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტი სარგებლობს, როგორ აპირებს ის დაპირებების შესრულებას, რომ პენსია და მინიმალური ხელფასი რეალურ საარსებო მინიმუმთან გათანაბრდეს და მინისტრებისთვის, თუ პარლამენტარებისთვის საბიუჯეტო-სახელფასო განაკვეთები მინიმალური ხელფასის ოთხმაგი ოდენობით განისაზღვროს, გიორგი ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ამისთვის რესურსები უნდა დაანგარიშდეს.

„პრეზიდენტს საკმაოდ დიდი უფლებები აქვს და აუცილებელია საზოგადოების მხარდაჭერა, რათა ჩემი დაპირებები შესრულდეს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გიორგი ლილუაშვილი დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატს, კახაბერ ჭიჭინაძესაც გამოეხმაურა, რომელმაც მისი განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ როცა პენსიის 1 200 ლარამდე გაზრდაზეა საუბარი, ეს ძალიან სერიოზული თანხებია და ამიტომ, კალკულატორზე კარგად უნდა ვიანგარიშოთ.

„ეს დაანგარიშებულია და აქ ინფლაციაც არის გათვალისწინებული. როცა პენსიის 1 200 ლარამდე გაზრდაზე ვსაუბრობ, აქ საუბარია საარსებო მინიმუმზე და თუ ადამიანმა საარსებო მინიმუმი ვერ მიიღო, ის ვერ იცოცხლებს. თუ დღეს ადამიანებს ამ თანხას ვერ ვაძლევთ, მაგრამ ისინი ცოცხლები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეს შემოსავალი არის, ანუ, ჩრდილოვანი ეკონომიკაა. ჩრდილოვანი ეკონომიკა კი, არის ის დამანგრეველი ძალა, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაანგრია და ეს აწყობთ იმ მაფიოზურ-კლანურ სისტემებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან მოკალათებული“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დებატებში მისთვის დათმობილი პირველი წუთი, სადაც მას ამომრჩევლებისთვის საკუთარი პიროვნება უნდა წარედგინა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას მიუძღვნა და წუთიერი დუმილი გამოაცხადა.