გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს სამუშაო ვახშამზე შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს სამუშაო ვახშამზე შეხვდა

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს სამუშაო ვახშამზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის როლი ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ვაზილ ჰუდაკისა და EIB-ის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საქმიანობის 10 წლის, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს უკავშირდება.

სამუშაო ვახშამს, EIB-ის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.