EURACTIV-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის, ვაზილ ჰუდაკის სტატიას აქვეყნებს - მძიმე პერიოდის კარგი სიახლე - საქართველოს ეკონომიკა
EURACTIV-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის, ვაზილ ჰუდაკის სტატიას აქვეყნებს - მძიმე პერიოდის კარგი სიახლე - საქართველოს ეკონომიკა

გამოცემა EURACTIV-ი აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური მრჩევლის, ვაზილ ჰუდაკის სტატიას, სახელწოდებით „მძიმე პერიოდის კარგი სიახლე – საქართველოს ეკონომიკა“.

ვაზილ ჰუდაკი სტატიაში აღნიშნავს, რომ არსებულ გარემოში, რომელიც ხასიათდება ევროპაში დაწყებული ეკონომიკური უკუსვლით, საჯარო ფინანსების მზარდი დეფიციტით, ვალებითა და ევრაზიის რეგიონში არსებული არასტაბილურობით, არსებობს ერთი ქვეყანა, საქართველო, რომელიც ამ ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით ვითარდება.

ჰუდაკი წერს, რომ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინფორმაციით, საქართველო, რეგიონის სხვა ქვეყნებსა და ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით, საშუალოვადიან პერიოდში უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2022 წელს 10 პროცენტს გაუტოლდება.

„საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქცენტების გაკეთებას ძლიერი მაკროეკონომიკური ბაზისა და ფისკალური დისციპლინის შექმნაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2022 წლისთვის მოსალოდნელია, დაახლოებით 3.1% იყოს (ეს კი მნიშვნელოვანი კლებაა 2021 წელს არსებული 6.1 პროცენტიდან), თან ამით მოხდება ფისკალური წესრიგის სამიზნე ორიენტირთან მიახლოება, რომელიც მშპ წილობრივად 3 პროცენტამდეა პროგნოზირებული 2023 წლისთვის“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

როგორც ვაზილ ჰუდაკი წერს, სახელმწიფო ვალი 2021 წელს 60.1 პროცენტი იყო, რაც 2022 წელს 49 პროცენტამდე შემცირდება და მოსალოდნელია, რომ 2023 წლისთვის კიდევ უფრო დაიკლოს.

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას, ამ მაჩვენებლების შემხედვარე, ალბათ შურს კიდეც“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ამასთან, ჰუდაკის თქმით, სულადობრივი მშპ 2021 წელს არსებული 5 000 აშშ დოლარიდან გაიზარდა და 2022 წელს 6 600 აშშ დოლარი შეადგინა.

„ეს შთამბეჭდავი მაჩვენებლები იოლად არ მოსულა, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში, რომელსაც უკრაინაში ომი მოჰყვა. ეს მაჩვენებლები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის დაუღალავმა მუშაობამ მოიტანა, რომელიც აერთიანებდა სტრატეგიულ მიდგომას და მოქნილობას, რაც ასახავდა რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებად სიტუაციას“, – წერს ვაზილ ჰუდაკი.

„საქართველოს ეკონომიკური სასწაული განპირობებულია ექსპორტის ძლიერი მაჩვენებლით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რასაც მზარდი ტურიზმი და საერთაშორისო სატრანსპორტო სექტორის შემოსავლები უმყარებენ საფუძველს. 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში სასაქონლო ნომენკლატურის ექსპორტი 37 პროცენტით გაიზარდა, რუსეთში შემცირებული ექსპორტის მიუხედავად.

ტურიზმის სექტორში შემოსავლები 156 პროცენტით გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაორმაგდა და 923 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 63 პროცენტით მეტია 2019 წლის იმავე საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ევროკავშირის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურ ოდენობაში 43 პროცენტია, ხოლო რუსეთის – უარყოფითი.

უკრაინაში მიმდინარე ომმა მნიშვნელოვნად გაზარდა ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო გადაზიდვებში საქართველოს საკვანძო სატრანზიტო ქვეყნის როლი. შავი ზღვის დაკავშირებადობის უნარი ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის სასწრაფო საჭიროების გათვალისწინებით.

2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საერთაშორისო ტვირთბრუნვა 19.4 პროცენტით გაიზარდა საქართველოში და 17.9 მილიონ ტონას მიაღწია“, – წერს სტატიის ავტორი.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ინოვაციური ინიციატივა განახორციელა შთამბეჭდავი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გამოსაყენებლად.

მისი თქმით, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის დაწყება ახალი ბინებით უზრუნველყოფს 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. მსგავსი პროგრამა პოლიციის თანამშრომლებისთვისაც დაიწყო. საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის პროგრამით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივის ფარგლებში, რუსეთთან 2008 წლის ომის გამო იძულებით გადაადგილებული პირების 1 383 ოჯახზე მეტმა მიიღო საცხოვრებელი ფართი.

ვაზილ ჰუდაკის აზრით, ეს გამოცდილება შეიძლება, აქტუალური იყოს უკრაინისთვის, რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის პროცესში.

პრემიერის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაზეც წერს, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების დასაქმებას, რომლებიც სახელმწიფო შემწეობაზე არიან დამოკიდებული.

„დამსაქმებლები სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. ამ სოციალურ პროგრამაში მონაწილეობის განაცხადი თითქმის 50 ათასმა ადამიანმა შეიტანა. საქართველოს მთავრობის ინტერვენციის წყალობით, ქვეყნის მოსახლეობა გაიაფებული მედიკამენტებითაც სარგებლობს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ფლაგმანური პროექტი დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

„ხსენებული პროექტები ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესებას; საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ინტეგრაციას ევროკავშირის სამეწარმეო ჯაჭვში; ციფრული დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებას საქართველოს მოქალაქეებისთვის; ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას საბინაო სექტორში.

მწამს, რომ ეს ფაქტები თავად საუბრობს. საქართველო არის თანამედროვე, დინამიური ქვეყანა და დასავლეთის ძლიერი მოკავშირე ტურბულენტურ ევროაზიულ რეგიონში. მას შესაბამისი მოპყრობა სჭირდება ევროკავშირის გაფართოების კონტექსტშიც“, – წერს სტატიის ავტორი.

მისივე თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა არასათანადოდ აფასებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის პასუხად 2022 წლის ივნისში ევროპული კომისიის დასკვნაში განსაზღვრული საკითხების მნიშვნელობას.

„თბილისმა იცის, რისი გაკეთებაა საჭირო და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოწოდებულია გამოწვევების მოგვარების მიმართ, მათ შორის ყველა იმ საკითხის, რომლებიც საკვანძოა ევროკავშირისკენ მისწრაფების გზაზე პროგრესისთვის. ზემოთ ჩამოთვლილი ხელშესახები მიღწევების გამყარებული წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა ევროკავშირში საქართველოს მჭიდრო ინტეგრაციის ძლიერ საფუძველს უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ვაზილ ჰუდაკის სტატიაში.