გიორგი კვირიკაშვილმა და CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრეს
გიორგი კვირიკაშვილმა და CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის CNCEC-ის სამეთვალყურეო  საბჭოს თავმჯდომარე  დაი ჰეგენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო გარდაბანში კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი სიმძლავრის მეორე თბოსადგურის მშენებლობის პროექტს, რომელსაც CNCEC-ის შვილობილი კომპანია TCC და საქართველოს ნავთობისა და გაზისა კორპორაცია ერთობლივად ახორციელებენ. თბოსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება 159 მილიონი აშშ დოლარია. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკის სისტემისთვის, ენერგოსექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის.

შეხვედრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და მთავრობა მიესალმება ჩინური კომპანიების მზარდ ეკონომიკურ ინტერესს რეგიონში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების პერსპექტივა, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას კომპანია TCC-ის წარმომადგენლები, საქართველოს ნავთობისა და გაზისა კორპორაციის გენერალური და ფინანსური დირექტორები დაესწრნენ.

CNCEC პეტროქიმიური მრეწველობისა და სასუქების წარმოების სფეროში მოღვაწე 17 სახელმწიფო ჩინური კომპანიას აერთიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩინეთის ქიმიური ინდუსტრიის განვითარებაში.