გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდა ფერმერებსა და მეწარმეებს „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ ახალი ინიციატივა გააცნო
მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდა ფერმერებთან და მეწარმეებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საუბარია იმ პროექტებზე, რომლებიც იქნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და რომლებსაც კაპიტალის, ანუ თანამონაწილეობის ნაკლებობა ექნებათ.
„ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი ტალღა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე, რომელიც პროექტის – „ახალგაზრდა მეწარმე“ პრეზენტაციის ფარგლებში შედგა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ის მეწარმეები, რომელთა პროექტსაც ბანკი მოიწონებს, თუმცა არასაკმარისი კაპიტალი ექნება.
„უფრო კონკრეტულად ვგულისხმობ შემდეგს – როდესაც დამწყები მეწარმე ან მცირე მეწარმე მივა კომერციულ ბანკში, მისი პროექტი იქნება განხილული საკრედიტო დეპარტამენტის მიერ და იგი მიიღებს პროექტის მოწონებას, მაგრამ მას არ ექნება საკმარისი თანამონაწილეობა, ანუ კაპიტალი, ამ წინაპირობით მას ექნება უკვე უფლება, რომ მიმართოს ამ პროგრამას. საუბარია იმაზე, რომ პროექტი კარგია იმ პირობით, რომ თანამონაწილეობა უნდა იყოს ამდენი… ვისაც ბანკთან გქონიათ ურთიერთობა, მგონი ყველასთვის გასაგებია, რაზეც ვსაუბრობ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი არ გულისხმობს ისეთი მეწარმეების დაფინანსებას, რომელთაც საერთოდ არ ექნებათ თანამონაწილეობა.
„რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ისეთ მეწარმეს, რომელსაც საერთოდ არ ექნება თანამონაწილეობა და ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ, რომ პროექტმა ასეთი მეწარმეები დააფინანსოს. საუბარია, რომ თანამონაწილეობა, ანუ არსებული კაპიტალი კომპანიას არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც საშუალებას მისცემს განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო კონკრეტული პრიორიტეტებით ჩაერევა და გააკეთებს ინექციას კაპიტალში, რათა პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახადოს კომერციული საბანკო სექტორის მიერ“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროგრამის დიზაინი და საბიუჯეტო მოცულობა დგინდება.
„იქ არის კიდევ პრიორიტეტები, თუ რა მიმართულებებს აირჩევს სახელმწიფო, რომ კონკრეტულად იმ მიმართულებებით მოახდინოს წახალისება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროექტი იმ პროექტებს შორის, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უდიდესი საჭიროებაა დღეს ქვეყანაში – არსებობს სიმრავლე ჯანსაღი პროექტების, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ძალიან წარმატებული ახალი პროექტები და სადაც თანამონაწილეობის ნაკლებობის გამო, პროექტები პრაქტიკულად „იბრაკება“ კომერციული საბანკო სექტორის მიერ. ამიტომ ასეთ პროექტებს პრიორიტეტული მიმართულებებით სახელმწიფო წაახალისებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის ეკონომიკური პროექტები ქმნის გარემოს, რომელშიც ახალგაზრდა ყველანაირად იქნება წახალისებული, გახდეს დამსაქმებელი.
„მთავრობის ეკონომიკური გუნდი საპარტნიორო ფონდთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ჩვენი პროექტების ერთობლიობა ქმნის იმ გარემოს, იმ ეკოსისტემას, რომელშიც ახალგაზრდა, ფაქტობრივად, ყველანაირად იქნება წახალისებული და ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ გახდეს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.