„ყველამ აღნიშნა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “აბრეშუმის გზის ფორუმზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი საქართველოსთვის წარმატებული იყო.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ფორუმში მონაწილეობა მიიღო 34-მა ოფიციალურმა დელეგაციამ, 60-ზე მეტმა ქვეყანამ და მიწვეული იყო 2000-ზე მეტი დელეგატი.
“ფორუმს ესწრებოდა ორი პრემიერ-მინისტრი – უკრაინის და მოლდოვის; ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერები ყახაზეთიდან, სლოვენიიდან; ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ვიცე-პრეზიდენტების დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსული იყო უამრავი მსხვილი კომპანია, გაფორმდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი შეთანხმება.
“გაფორმებული შეთანხმებებიდან რამდენიმე გამოვყოფ: ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდს (EIF) და ქართულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 90 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი იქნება გამოყოფილი კონკრეტულად ამ მიმართულებებით; ასევე, დაფუძნდა „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი”. ეს არის შანხაის უმსხვილესი ხუასინის ენერგეტიკული კომპანია CEFC-სა და„საპარტნიორო ფონდის“ ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში შექმნის ახალ საინვესტიციო პლატფორმას და იქნება მყარი ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ახალი მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს; ასევე, ეს არის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი, რომლის მიზანიც საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობა და სამრეწველო კლასტერების განვითარება საქართველოში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონის სატრანსპორტო, ინვესტიციების, ლოგისტიკისა და სერვისების ჰაბი, რაც მისასალმებელია.
“რა თქმა უნდა, ამ ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და საწარმოო-საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, არის აბსოლუტურად სწორი და ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავისი ჩამოსვლით დაადასტურა ინტერესი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ორგანიზებაში. ბევრი სამინისტრო იყო ჩართული. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ძირითადი წამყვანი იყო ეკონომიკის სამინისტრო. გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი ქუმსიშვილმა გააგრძელა; ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა სხვა უწყებები. უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შესაბამისი სტრუქტურების მიერ გათვალისწინებული იყო ყველაფერი მაქსიმალურად და დიდი მადლობა, რომ მართლაც ასეთ დონეზე წარმოვაჩინეთ ჩვენი ქვეყანა. ყველამ აღნიშნა, რომ ეს ფორუმი იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.