საქართველოს პრემიერ-მინისტრი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში გიორგი კვირიკაშვილი ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება.
მედიასთან პრემიერ-მინისტრს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ამასთან, დღეს, ცოტა ხნით ადრე, ტატუნაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენების საკითხზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.