გიორგი კვირიკაშვილი - უზომოდ მადლიერნი ვართ აშშ-სგან ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდით
უზომოდ მადლიერნი ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან, რომელმაც საქართველოსადმი მხარდაჭერა განამტკიცა.
“უნდა აღვნიშნო, რომ დიდებული ვიზიტი იყო. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ჩავატარეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის პლენარული სხდომა. სახელმწიფო მდივან პომპეოსგან მოვისმინეთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ნათელი და მკაფიო გზავნილები. აქ, მშვიდობის ინსტიტუტში ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენების, სენატორების, საქართველოს მეგობრების კომენტარები, განცხადებები და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ერთი საათის წინ შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომლის დროსაც მან საქართველოსადმი მხარდაჭერა განამტკიცა.
ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილებია! ეს ეგზისტენციალური გზავნილებია საქართველოსთვის იმ ფონზე, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს და უზომოდ მადლიერნი ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამ დარბაზში საქართველოს ბევრ მეგობარს ვხედავ. ალბათ აქ მეგობრების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც მე ძალიან მახარებს და მაიმედებს ჩვენი ერთობლივი მომავლის მიმართ”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც აშშ-ის პოლიტიკური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიებების სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.