გიორგი კვირიკაშვილი - თითოეული ჩუქურთმა შენობებზე თბილისის სუნთქვის შემნახველია და სწორედ ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ
ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს, „ახალი თბილისის“ პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის რეაბილიტაცია, აღდგენა არის პატრიოტული, მამულიშვილური საქმე ჩვენთვის, რათა თითოეულ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ და უყურადღებობამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ულამაზესი შენობების მდგომარეობა.
„მინდა, ქალბატონებს მოგილოცოთ რვა მარტი და სასიხარულოა, რომ დღეს ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს. „ახალი თბილისის“ პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის რეაბილიტაცია, აღდგენა არის პატრიოტული მამულიშვილური საქმე ჩვენთვის იმისათვის, რომ თითოეულ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე. ეს არის ადგილი, სადაც იგრძნობა განსაკუთრებულად თბილისის სუნთქვა. ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა და აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში. წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ, უყურადღებობამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა. ამიტომ ეს ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება მიმდებარე ქუჩების, 30-მდე შენობის აღდგენა, საიდანაც 18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
“ეს არის განსაკუთრებული პროექტი. ჩვენ უკვე აღვადგინეთ აღმაშენებლის გამზირი, ის იქცა ერთ-ერთ ულამაზეს მიზიდულობის ცენტრად. მიმდინარეობს ორბელიანის მოედნის აღდგენა რეაბილიტაცია და შემოდგომაზე ჩვენ უკვე გვექნება ულამაზესი უბანი აღდგენილი. დღეს უკვე ჩვენ ვიწყებთ ამ ულამაზესი მოედნის რეაბილიტაციას და ეს არის საშური საქმე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისი არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოინახეს.
“ჩვენ ვართ უბედნიერესი ადამიანები, რომ ამ მემკვიდრეობის მომსწრენი ვართ და ეს არის უდიდესი ვალი, რომ ეს მემკვიდრეობა მომავალ თაობებს შემოვუნახოთ. თითოეულ აივანს, თითოეულ ეზოს მოვუვლით და აღვადგენთ, ეს არ იქნება ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დასასრული. პირიქით, იწყება მნიშვნელოვანი საქმე და თბილისის თითოეულ ულამაზეს შენობას, უბანს, ქუჩას, ეზოს ასევე მოვუვლით. უმთავრესი არის ის, რომ ძველი თბილისი არის ჩვენი თბილისელები. ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ითვალისწინებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას, ეს არის 100-ზე მეტი ოჯახი, რომელთაც საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ.
როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასევე არის თითოეული ჩუქურთმა შენობებზე თბილისის სუნთქვის შემნახველი, თბილისელების სუნთქვის შემნახველი და სწორედ ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ. თბილის არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი. თბილისი არის ის უდიდესი კულტურული ტრადიციები, რომელიც თბილისმა შემოინახა ეს არის ჩვენი თბილისი და ჩვენი საქართველო, სწორედ ამის მოფრთხილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მოედნის რეაბილიტაციაზე. 2019 წლის დასასრულს თბილისს შეემატება კიდევ ერთ ლამაზი უბანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი.