გიორგი კვირიკაშვილი - თანმიმდევრული ნაბიჯებით, მივაღწევთ იმას, რომ კეთილდღეობა მივა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში
გიორგი კვირიკაშვილი - თანმიმდევრული ნაბიჯებით, მივაღწევთ იმას, რომ კეთილდღეობა მივა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში

დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, არ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის არჩევნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” გაძლიერების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

“თქვენი წვლილი მომავალშიც იქნება უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ გვმართებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენი საქმის შედეგი უნდა იყოს კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში. დღეს ჩვენ შეგვიძლია სიამაყით გადავხედოთ განვლილ პერიოდს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის. 21 აპრილს 6 წელი შესრულდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა საქართველოს მოსახლეობა, რათა შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ცვლილება უპირველეს ყოვლისა აისახა მეტი თავისუფლების მოტანაში და ეს თავისუფლება დღეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, ყოველ ნაბიჯზე არ ირღვევა ადამიანის უფლებები, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის არჩევნებით.

“ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ყველამ ერთად ყველაზე საჭირბოროტო და მტკივნეული მიმართულებებით. ეს იყო ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უდიდესი შვება მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, ასევე – სოფლად მცხოვრებლებისთვის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები, რომლებმაც ადამიანებს რეგიონებში სოფლად, უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახა. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე სარგებლობს იმ პროგრამებით, რომლებიც სახელმწიფომ მათ შესთავაზა და მათი ცხოვრების დონე თანდათან უმჯობესდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერბთ იმ პრობლემებსაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. პრობლემა უამრავია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ კეთილდღეობა მივა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მთავარი მიზანია გახლავთ ქვეყნის გამთლიანება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა – ეს არის პრაგმატული, სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. „ამას ვახორციელებთ ჩვენ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით და ეს აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.