გიორგი კვირიკაშვილი - სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც პირნათლად იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„27 წლის წინ, დღევანდელ დღეს, დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი პირველი ჯარისკაცები გაიწვია შეიარაღებულ ძალებში. ქართულმა ჯარმა სწორედ ამ დღიდან გააგრძელა ის ტრადიცია, რომელსაც 1918 წელს, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ეს იყო ქართული ჯარის ხანმოკლე, თუმცა გმირული ისტორია, რომლითაც დღესაც ვამაყობთ. ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქართველ ჯარისკაცებს ქვეყნის ერთიანობისთვის არაერთი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. სამშობლოს ერთგულება და მისთვის თავგანწირვა იყო ყოველთვის ის, რაც ჩვენს ჯარისკაცებს გმირებად აქცევდა. პატივი მინდა მივაგო საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, ვინც პირნათლად იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენ ქართველი მებრძოლის მტკიცე და გაუტეხელი სულით ერთგულად ემსახურებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს“,- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი დღე საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე, მსოფლიოში მშვიდობისთვის მებრძოლ ჩვენს სამხედროებს მიულოცა, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველი მეომრის სახელი თავდადებისა და გაუტეხელობის სიმბოლოდ აქციეს.
„დღეს ჩვენ ვქმნით თანამედროვე და ძლიერ შეიარაღებულ ძალებს თანამედროვე სახელმწიფოსთვის.
ქართული სახელმწიფოს ძლიერება დიდწილად არის დამოკიდებული ჯარის ძლიერებაზე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვიწევენ, და განსაკუთრებით – აშშ, რომლის დახმარება და გვერდში დგომაც უპრეცედენტოა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები მდგრადი და საიმედო თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
„ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და დინამიკური ხდება. ამის ნათელი დასტურია 2016 წელს უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ; ასევე უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება და ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებ.
დღეს აქ წარმოდგენლია პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც სწორედ GDRP-ის პროგრამის ფარგლებში მაისიდან დაიწყებს წვრთნებს.
ეს გახლავთ სამწლიანი პროგრამა, რომელიც წელს დაიწყება და ჯამში 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად მიმდინარეობს საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარებაც, რომელიც ქვედანაყოფების მომზადებასა და შეფასებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებს, რომ ჩვენს სამხედროებს შეუქმნას ღირსეული პირობები.
„სამშობლოს ერთგულ შვილებზე, ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს! საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ; დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.