გიორგი კვირიკაშვილი - სიტყვები არ მყოფნის, ვანუგეშო ტყიბულში დაღუპულთა ოჯახები, აღდგომის დღესასწაულს შეემსუბუქებინოს მათთვის ტკივილი
როგორც ყველა სიხარულს ახლავს სევდა, ექვს ოჯახში გლოვაა დღეს ტყიბულში – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა ტყიბულში მომხდარის გამო კიდევ ერთხელ გამოხატა გულისტკივილი.
პრემიერმა მთელ საქართველოს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ხვალინდელი დღის იმედი უსურვა.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი დღის იმედი.
როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა და სააღდგომო ეპისტოლეშიც იყო ვრცლად ნათქვამი ამაზე, გამოწვევები და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ერთადერთი ხსნა არის ერთობაში, მათ შორის ეკლესიის, ერის და ხელისუფლების ერთობაში. სწორედ ამ ერთობამ და სარწმუნოებამ მოგვიტანა ჩვენ დღევანდელი საქართველო და სხვა გადარჩენა არ არსებობს.
როგორც ყველა სიხარულს ახლავს სევდა, ექვს ოჯახში გლოვაა დღეს ტყიბულში და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო დიდი გულისტკივილი. სიტყვები არ მყოფნის, როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები და აღდგომის დღევანდელ დღეს შეემსუბუქებინოს მათთვის ტკივილი. ეს მინდა მათ ვუსურვო.
მთელ საქართველოს მინდა, ვუსურვო პირველ რიგში ხვალინდელი დღის იმედი, ერთობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც მას ეკუთვნის. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მეც ჩემს თავს ვეუბნები ამას, პირველ რიგში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.