გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართავს, აქტიურად ჩაერთონ ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართავს, აქტიურად ჩაერთონ ნარკოტიკების წინააღმდეგ კამპანიაში. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერმა ასევე მიმართა ახალგაზრდებს, ნუ გასინჯავენ ნარკოტიკს.
„მინდა, მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ყველას, ვისაც ეს საბედისწერო ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამს – ცხოვრება არის მშვენიერი და უამრავი საინტერესო რამ არსებობს, არსებობს შემეცნების უამრავი განზომილება და მაინცდამაინც ამ განზომილებას ნუ დაეწაფებით. ეს არის მომაკვდინებელი სენი, რომელზეც ადამიანებმა უარი უნდა თქვან. ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, შემეცნება, აქტიური ჩართულობა სახელმწიფოს ცხოვრებაში არის ის, რასაც ახალგაზრდა უნდა ეწაფებოდეს. მხოლოდ ამას მოგიწოდებთ და გთხოვთ ჩვენს მომავალ თაობას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ფართო კამპანიის წარმართვა აუცილებელია.
„კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მთავრობის ყველა წევრს, ცნობილ ადამიანებს, მათ, ვინც ავტორიტეტით სარგებლობს ახალგაზრდებში, მომავალ თაობაში, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად. ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას და კაცობრიობას მომავალი არ უწერია. ეს არის ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისა და მომავალი თაობისთვის ჩვენს მიერ გასაკეთებელი აუცილებელი საქმე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფო უნდა იყოს უფრო ჰუმანური, მაგრამ შეუვალი რეალიზატორებთან მიმართებაში.