გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ სოფლად დამწყებ მეწარმეობას წაახალისებს
გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვარ, პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ სოფლად დამწყებ მეწარმეობას წაახალისებს

ახალი სახელმწიფო პროგრამა – „ახალგაზრდა მეწარმე“ არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება და სოფლად დამწყებ მეწარმეობას წაახალისებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ გულისხმობს 10 მილიონი ლარის ოდენობით საგრანტო დაფინანსებას სოფლად მცხოვრები 40%-მდე ახალგაზრდა, დამწყები ფერმერებისთვის და არასასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ გადადგა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რათა დამწყებ მეწარმეს ხელშეწყობა ჰქონდეს. მისივე თქმით, ახალი პროგრამა ძირითადად რეგიონებზეა გათვლილი და მნიშვნელოვანია ფერმერების ჩართულობა.

„ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ახალგაზრდებისა და მათი პოტენციალის წახალისების კუთხით. სახელმწიფომ გადადგა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რათა დამწყებ მეწარმეს ჰქონდეს ხელშეწყობა. ერთ-ერთია, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე საქართველოში“ და ა.შ. ეს პირდაპირ არის მიმართული სოფლად ცხოვრების გაუმჯობესებისკენ. დღევანდელი პროგრამაც ამას ემსახურება. „ახალგაზრდა მეწარმე“ იქნება ძალიან წარმატებული. ასევე, ზოგადად მინდა გითხრათ, რომ მთავრობა და ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს. მინდა, ლევან დავითაშვილს მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთელ გუნდს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დანიის მთავრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.