გიორგი კვირიკაშვილი - მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალური, ძალიან კარგი კოორდინაციით
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ოპტიმალური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა მაქსიმალური კოორდინაციით იმუშავა.
„მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალური ძალიან კარგი კოორდინაციით, ჩართულობა იყო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, პარლამენტის, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის, აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული. გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული გუშინ კონკრეტულად მინისტრ გახარიას მხრიდან, ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით.
ძალიან აქტიურად იყო ჩართული კახა კალაძე მთელი ამ ორი დღის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე, მეც, პრაქტიკულად, ორი დღე-ღამე გავათენეთ ჩვენ ყველამ ერთად. შედეგად მივიღეთ, რომ ავიცილეთ თავიდან დაპირისპირება და სწორი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. დანარჩენი მომავალ დღეებში გამოჩნდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, აქციის ორგანიზატორ ბექა წიქარიშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა 13 მაისს ღამით, პარლამენტის შენობაში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, სერიოზული შედეგები იყოს მიღწეული.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და ასევე მოლაპარაკებების შედეგები გააცნო.
რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია გუშინ ღამე დაიშალა. ასეთი გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ მიიღეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი მოლაპარაკებების რეჟიმზე გადადიან და ერთი კვირით წყვეტენ აქციებს.
მომდევნო აქცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერებმა 19 მაისისთვის დააანონსეს.