გიორგი კვირიკაშვილი - მადლობელნი ვართ უკრაინის თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში
საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიური თანამშრომლობა იყო მთავარი თემები გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაიმართა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ემთხვევა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკასა და გადაწყვეტილებაზე, ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიულ რანგში აყვანის შესახებ.
„უკრაინას ძალიან ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციული ძალიან მეგობრული, კულტურული ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული მისწრაფებები. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მისწრაფებების ერთობლივად მიღწევა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ამ მიზნების მიღწევის გზაზე გამოწვევებიც სამწუხაროდ მსგავსი გვაქვს. საქართველო არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდამჭერი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენი მხრიდან მადლობელნი ვართ უკრაინის თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.