გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოსა და უკრაინას ერთი მიზანი აერთიანებთ, გახდნენ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოსა და უკრაინას ერთი მიზანი აერთიანებთ, გახდნენ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას ერთი მიზანი აერთიანებთ, გახდნენ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც უკრაინის პრემიერს, ვოლოდიმირ გროისმანს შეხვდა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას უზარმაზარი პერსპექტივა აქვს.

„სულ რაღაც სამიოდე დღის წინ, ჩვენმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად მივიღეთ მომავალზე და ამავდროულად პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული დეკლარაცია, რათა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ევროკავშირთან დაახლოების პროცესისგან კონკრეტული სარგებელი მიიღოს.

ჩვენს ქვეყნებს ერთი მიზანი აერთიანებთ, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრები. საქართველო მზად არის გადადგას შემდგომი, გაცილებით უფრო აქტიური ნაბიჯები – მზად ვართ განვახორციელოთ ძალიან კომპლექსური და ამბიციური რეფორმების გეგმა, რაც საბოლოოდ ჩვენს მიზანთან მიგვიყვანს.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, დავძლიოთ საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები და უზრუნველვყოთ ორი მეგობარი ერის მშვიდობიანი განვითარება და კეთილდღეობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოში სტუმრობისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრის შემდეგ.