უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს მთავრობის მეთაურს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

ვოლოდიმირ გროისმანმა სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენ, ქართველებთან ერთად, ძალიან ვწუხვართ ამ ტრაგედიის გამო. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის ეს მხოლოდ უბრალო ვიზიტი არ არის. ეს არის ვიზიტი ქვეყანაში, რომელთანაც გვაქვს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობები. ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვაგრძოთ ეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა „აბრეშუმის გზის ფორუმში“ და გამოვთქვამ მზადყოფნას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ უკრაინაში ვიზიტისთვის. ეს ხელს უწყობს ორი ქვეყნის მთავრობის დაახლოებას. ჩვენ დღეს საქართველოში წარმოდგენილი ვართ დელეგაციით იმ სფეროებიდან, რომლებშიც თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, დაწყებული კულტურით და დამთავრებული ეკონომიკით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ვიცით თქვენი, მათ შორის პირადი პოზიციაც, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით. თქვენი პოზიციით თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ დემოკრატიის გაძლიერებისა და საერთაშორისო სამართლიანობის აღდგენაში“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინელ კოლეგას პირისპირ შეხვდა. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.

დატოვე კომენტარი