ლიტვასთან ჩვენ ძალზედ ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროინტეგრაციის კონტექსტში, ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგასთან საულიუს სკვერნელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ლიტვის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პირველად იმყოფება და სასიხარულოა, რომ სწორედ ლიტვის პრემიერ-მინისტრი გახლავთ მთავრობის პირველი მეთაური, რომელიც 2018 წელს საქართველოს ეწვია.
“წელს საქართველო, ისევე, როგორც ლიტვა, უმნიშვნელოვანეს თარიღს აღნიშნავს – სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავი აღინიშნება ლიტვაში და პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღინიშნება საქართველოში, რაც დღევანდელ ვიზიტს განსაკუთრებულ სიმბოლიზმს სძენს. ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. ლიტვა წარმოადგენს საქართველოს უახლოეს მოკავშირესა და მეგობარს. არაერთხელ აღგვინიშნავს, თუ როგორ ვაფასებთ იმ ერთგულებას, რომელსაც ლიტვა წლების განმავლობაში იჩენს საქართველოს მიმართ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება.
“დღის წესრიგი დატვირთულია ვიზიტებით, მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა უწყებათაშორისი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების და სხვა მიმართულებებით. ნაყოფიერია ურთიერთობა საკანონმდებლო ორგანოებს შორისაც და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ დამეგობრებას და თანამშრომლობას განაგრძობენ ჩვენი ქვეყნების რეგიონები და ქალაქები. ლიტვა უკვე მრავალი წელია აქტიურად აგრძელებს განვითარების სფეროში თანამშრომლობას, „თვინინგის“ პროგრამების განხორციელებას და თავისი გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს გვიწყობს რეფორმების განხორციელებაში. დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ მიმართულებით მართლაც დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენი პრიორიტეტია ამ პოტენციალის სრულად ათვისება, რათა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები შეესაბამებოდეს ურთიერთობების მაღალ პოლიტიკური დონეს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და მიმართული ვართ, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას, ასევე, ლიტვური პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ლიტველ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილეს მნიშვნელოვანი რეგიონული სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს.
“განვიხილეთ ასევე პერსპექტივა, რომელიც მოაქვს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და სატრანსპორტო კავშირების დამყარების პერსპექტივა ანაკლიის ახალ პორტსა და კლაიპედას პორტს შორის. მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის. საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირობებში, მოველით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლიტვის მთავრობა საქართველოსათვის ყოველწლიურად გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიებს და ამჟამად, ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს. დარწმუნებული ვარ, 200-ვე ახალგაზრდა, რომელიც დაბრუნდება, გახდება ლიტვის კულტურული ელჩი საქართველოში. ლიტვასთან ჩვენ ძალზედ ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ფასდაუდებელია ლიტვის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. უაღრესად მნიშვნელოვანია ლიტვის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართაც”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ლიტვის მიერ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
“შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ გაძლიერებულ ეთნიკურ დისკრიმინაციაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე. აღინიშნა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა და მისიის მანდატის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა. მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი დღევანდელი ვიზიტის სიმბოლიზმს და აღვნიშნო, რომ ქართველებისა და ლიტველების არაერთი თაობა გააერთიანა თავისუფლებისათვის ბრძოლამ. ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთის სახით ერთგული მეგობარი იპოვეს და მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ შევიძინე ახალი მეგობარი, ვიპოვე ადამიანი, რომელიც არის თავისი ქვეყნის პატრიოტი და ძალიან დიდი მეგობარი საქართველოსი. მინდა, ვუსურვო წარმატებები საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მივესალმო მის ვიზიტს საქართველოში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.