გიორგი კვირიკაშვილი - კოტე ზალდასტანიშვილი ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო
გიორგი კვირიკაშვილი - კოტე ზალდასტანიშვილი ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ორი დღის წინ გარდაცვლილ ქართველ დიპლომატ კონსტანტინე ზალდასტანიშვილზე საუბრით დაიწყო.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა და იცავდა საქართველოს ინტერესებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, კოტე ზალდასტანიშვილისგან პირადად მან ბევრი რამ ისწავლა.

„სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო – კოტე ზალდასტანიშვილი, რომელიც ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ბოლო კომუნიკაცია. მართლაც გამორჩეული ქართველი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი. მე პირადად მისგან, იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე. მას განსაკუთრებით უხაროდა, როდესაც უზიარებდა თავის გამოცდილებას და გამოცდილება მას ძალიან მდიდარი ჰქონდა. იყო ყოველთვის იქ, სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ქვეყნის ინტერესებს. ჩემთვის პირადად ეს დიდი დანაკლისია“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი 25 დეკემბერს გარდაიცვალა.